გლობალური სავალუტო კოდექსის პრაქტიკაში დანერგვის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, აქსიომ გლობალის ექსპერტების მხარდაჭერითა და ბაზრის მონაწილეთ უშუალო ჩართულობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და შეიმუშავა ახალი წესი, რომელიც სრულად ეყრდნობა კოდექსის ძირითად პრინციპებს. ამასთან, წესი დამატებით აწესრიგებს საქართველოს ბაზრისათვის მნიშვნელოვან რამოდენიმე საკითხს. წესის შესრულება FX ბაზარზე მონაწილეთათვის სავალდებულო იქნება, რაც მისი პრინციპების ქართულ ბაზარზე სწრაფ დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ის ეტაპობრივად შევა ძალაში და დაეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს უფრო სწრაფად მოიყვანონ საკუთარი ოპერაციები გლობალური კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. FXGC- ის ადაპტირება, ასევე, მიზნად ისახავს უცხოური ვალუტის ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, არასაბანკო მონაწილეთა ინტერბანკ FX ბაზარზე გამარტივებულ შესვლას, ლიკვიდობის ამაღლებასა და გამჭვირვალეობის გაუმჯობესებას. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ბანკები ვალდებული იქნებიან გამჭვირვალე გახადონ და ვებგვერდზე გამოაქვეყნონ მომსახურების სრული ტარიფები და სხვა პირობები. დაამუშაონ და აღასრულონ დავალებები კონფიდენციალობისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვით.
საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე ახორციელებს B-Match პლატფორმის დანერგვას, რათა გააფართოვოს FX ბაზარზე წვდომა და გამჭვირვალობა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი წესების ამოქმედებით პლატფორმა მონაწილეთა უფრო ფართო წრისათვის გახდება ხელმისაწვდომი. სისტემაში ვაჭრობა შეეძლებათ როგორც ბანკებს, ისე კომპანიებს. ამასთან, კომპანიებს ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკის დახმარებით განათავსონ.