ისტორია

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია 2018 წლის 21 ნოემბერს დაფუძნდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სხვადასხვა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ. დღესდღეობით ასოციაცია ყველაზე დიდი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე და აერთიანებს საქართველოს ფინანსური ბაზრების სხვადასხვა სეგმენტში მოქმედ 16 სუბიექტს, მათ შორის, 10 კომერციულ ბანკს, 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს და 1 კორპორაციას.

ასოციაციის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ქართულ ბაზარზე საერთაშორისო გლობალური სავალუტო ბაზრის კოდექსის (FX Global Code) პრინციპების დანერგვა და ამოქმედებაა. FX Global Code-ი საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა და იგი სავალუტო ბაზარზე საერთაშორისო მასშტაბით ერთიან წესებსა და ქცევის პრინციპებს აწესებს.

მისი მიზანია ბაზარი გახადოს უფრო გამჭვირვალე, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის დაამყაროს სამართლიანი ქცევის ნორმები და ფინანსური ინსტიტუტების შიგნით ორგანიზაციული სტრუქტურის მიმართ განსაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც მათ საქმიანობას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს.