აღნიშნული კურსი ავსტრალიურ ფინანსურის ბაზრების ასოციაციამ ACI Australia და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ (GFMTA), საქართველოს ეროვნულ ბანკის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (EGP) მხარდაჭერით ჩაატარეს.
ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და USAID-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსმა მრჩეველმა, დავით წიკლაურმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წამყვანი კომერციული ბანკების, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.
ტრენინგ კურსმა სტარტი 11 მარტს აიღო. მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, კორპორატიული სექტორის და სომხეთის კომერციულ ბანკ - Ameriabank-ის წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის სპეფიციკის, მომხმარებლებისთვის ფასების დადგენის, რისკებისა დალიკვიდობის მართვის სტრატეგიების დამომხმარებელთა მოთხოვნების აღსრულების ტექნიკების შესახებ. დიდი ყურადღება დაეთმო გლობალური სავალუტო კოდექსის, რომელზეც საქართველოც არის მიერთებული, პრინციპების შესაბამისად სავალუტო ბაზარზე მუშაობის პრაქტიკულ საკითხებს.
აღნიშნული სასწავლო კურსი უკვე 35 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ისეთ ფინანსურ ცენტრებში, როგორიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი, სინგაპური, ტოკიო და პირველად გაიმართა საქართველოში. ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის სხვა კურსებისგან განსხვავებით, აღნიშნული კურსი მოიცავს წარსულში უკვე მომხდარი საბაზრო სიტუაციების იმიტაციას და მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას ბაზრის მონაწილის პერსპექტივიდან რეალურ დროში მიიღონ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები, საუკეთესო საბაზრო პრაქტიკის შესაბამისად. სასწავლო კურსს უძღვებოდნენ დარგის გამორჩეული ექსპერტები კრის ჰოულეტი, კოლინ ლამბერტი, ჯონ ფინდლი და კევინ ო’რელი.
როგორც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს ბაზრის პროფესიონალების ცოდნის ამაღლებაში და ეროვნული ბანკი ბუნებრივია მხარს უჭერს ყველა მსგავს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარებას. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ფინანსურ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. სწორედ ამას ემსახურება სადილინგო იმიტაციის კურსი, რომელიც მონაწილეებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას ბაზარზე გლობალური სავალუტო კოდექსით განსაზღვრული ნორმების ფარგლებში მოქმედების შესახებ."
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კურსის ორგანიზება შესაძლებელი გახდა USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიერ ასოციაციისთვის გამოყოფილი 220 ათასი აშშ დოლარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის საგანმანათლებლო, ორგანიზაციული და კვლევითი მიმართულებების განვითარებას.