12/08/2022 | გლობალურმა სავალუტო კომიტეტმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაო პროგრამა დაამტკიცა

გლობალური სავალუტო კომიტეტი მიმდინარე წლის 27-28 ივნისს  ციურიხში შეიკრიბა. დელეგატებს შეეძლოთ ვირტუალური მონაწილეობაც. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, კომიტეტის წევრების უმრავლესობა  პირველად შეხვდა ერთმანეთს ფიზიკურად. შეხვედრას უძღვებოდნენ თავმჯდომარე, ანდრეა მეხლერი (Swiss National Bank) და თანათავმჯდომარეები, რიჩარდ დე როსი(Standard Bank) და სტეფანი ჰოლც-ჯენი(Deutsche Bank)-დან.

კომიტეტმა მომდევნო ორი წლის სამუშაო პროგრამა შეათანხმა, რომელიც ასევე დაფარავს შუალედურ პერიოდს, კოდექსის სამწლიანი გადახედვის ეტაპამდე. პროგრამის განხილვა დაიწყო გლობალური სავალუტო კომიტეტის წინა შეხვედრაზე, 2021 წლის დეკემბერში, და ადგილობრივი სავალუტო კომიტეტების (LFXC) წევრებმა თავიანთი ინტერესები და პრიორიტეტები დააფიქსირეს  2022 წლის თებერვლის გამოკითხვაში. 2022 წლის მაისში ადგილობრივი სავალუტო კომიტეტების წევრებს გაუზიარეს გამოკითხვის შედეგები და მიგნებები. ანდრეა მეხლერის განცხადებით: „ჩვენი სამომავლო პრიორიტეტები ნათელია. განახლებული კოდექსის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ,  ბაზრის არაერთმა მონაწილემ კოდექსს უკვე მოაწერა ხელი, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ განუახლებია ვალდებულებების განაცხადი, გლობალური სავალუტო კომიტეტი მოელის, რომ ამას მალე გააკეთებს. კოდექსის ფართო მიმღებლობის გაზრდისთვის, გლობალურმა სავალუტო კომიტეტმა აუცილებლად უნდა მიმართოს თავისი ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კოდექსთან მიერთების ხარჯებში გათვალისწინებული იყოს ბაზრის მონაწილის კონკრეტული როლი  სავალუტო ბაზარზე და კარგად იყოს გააზრებული კოდექსთან მიერთების ხელშესახები სარგებელი.“

გლობალური კოდექსისა და ვალდებულებების განაცხადის ბაზრის მონაწილეთა უფრო ფართო წრისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზების ძიებისთვის, 2021 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფმა, რიჩარდ დე როსის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა ვებზე დაფუძნებული ინსტრუმენტის პროტოტიპი, რომელიც  ბაზრის მონაწილეებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ კოდექსში არსებული ის პრინციპები მონიშნონ, რომლებიც ბაზარზე მათ საქმიანობას ყველაზე მეტად შეესაბამება. „ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ღირებული რესურსი buy-side-ის მონაწილეებისთვის და ამით კოდექსის ხელმოწერის ბარიერები კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ისინი უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს იმის მიხედვით, თუ რა ნაწილში ვრცელდება კოდექსი მათზე.“- თქვა რიჩარდ დე როსმა. გარდა ამისა, გლობალურმა სავალუტო კომიტეტმა გადაწყვიტა რომ ჩამოაყალიბოს მეორე სამუშაო ჯგუფი კოდექსთან მიერთების წახალისების გაზრდისთვის.

გლობალური სავალუტო კომიტეტი ასევე შეთანხმდა ჩაატაროს გამოკითხვა 2021 წლის ივლისში განახლებული კოდექსის ეფექტურობისა და მასთან დაკავშირებული მასალების შესახებ. ბაზრის მონაწილეთა გამოკითხვა ჩატარდება 2023 წლის მესამე კვარტალში და იქნება კოდექსის შემდეგი რევიზიის ათვლის წერტილი.

გარდა ამისა, გლობალურმა სავალუტო კომიტეტმა განიხილა ბაზრის მონაწილეთა მაღალი ხარისხის საბაზრო ინფორმაციაზე წვდომის საკითხი ძლიერი, სამართლიანი, ლიკვიდური და სათანადოდ გამჭვირვალე სავალუტო ბაზრის უზრუნველყოფისთვის. განხილვამ აჩვენა, რომ საჭირო იყო გლობალური სავალუტო კომიტეტის მხრიდან  ამ საკითხის უფრო სიღრმისეული განხილვა კოდექსის შემდგომი გადახედვისას. 

ინდუსტრიის სამმა აღმასრულებელმა, Baton Systems-დან, CLS Bank-დან და Fnality-დან, წარმოადგინეს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები სავალუტო ბაზარზე გადახდასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის(CPMI) სავალუტო გადახდა გადახდის პირისპირ(PvP)-ის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელმა წარმოადგინა თავიანთი სამუშაოს პროგრესის მოხსენება. კომიტეტი შეჯერდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ტექნოლოგიური ინოვაციების კვალდაკვალ ყოფნა, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა სავალუტო ანგარიშსწორებაზე. ამასთან, კომიტეტი CPMI-დან ელოდება PvP ანგარიშსწორების გაფართოებული ვარიანტების შესახებ საკონსულტაციო ანგარიშს.

კომიტეტის ივნისის თვის შეხვედრის მეორე დღეს, ისრაელის სავალუტო კომიტეტმა, რომელიც გლობალურ სავალუტო კომიტეტს შეუერთდა ასოცირებული წევრის სტატუსით 2020 წელს, წარმოადგინა ანგარიში ისრაელის სავალუტო ბაზრის სტრუქტურის შესახებ. გლობალური სავალუტო კომიტეტის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ უცხოურ სავალუტო კომიტეტებს, წარსდგნენ მოხსენებით თავიანთ ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის უკრაინის ომის გავლენის გათვალისწინებით. მათ ასევე წარმოადგინეს  კოდექსის პოპულა-რიზაციის თავიანთი განახლებული გეგმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გლობალური სავალუტო კომიტეტის საიტს.