Nasdaq Calypso საზიარო პლატფორმა, რომელიც საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით დაინერგება, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.
თბილისი & ნიუ-იორკი, 20 ივლისი, 2026 — Nasdaq-მა (Nasdaq: NDAQ) დღეს გამოაცხადა საქართველოს ეროვნულ ბანკთან (სებ) ისტორიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სახაზინო და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას საქართველოს საბანკო სექტორში. ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი", „ტერაბანკი" და „ბაზისბანკი" - დანერგავს Nasdaq-ის Calypso სისტემას საერთო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, რომელიც ფარავს ვაჭრობის სრულ ციკლს. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ხორციელდება „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში და, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია" (GFMTA), წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.
„საქართველოს სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტი და ჩვენი ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას." - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი ხასიათდებოდა ორნიშნა ზრდით, სადაც საერთო აქტივები უახლოვდება 38 მილიარდ აშშ დოლარს - რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის მასშტაბსა და დინამიურობაზე მეტყველებს. სექტორის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორატიული დონის რისკების მართვა და სულ უფრო მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამავდროულად, მსგავსი ინფრასტრუქტურის ცალკეული ინსტიტუციის დონეზე დანერგვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ინვესტიცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ცალკეული ბანკისთვის. საერთო, კოორდინირებული მიდგომა, რომელიც სექტორის მასშტაბით, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, ამ მიზნის მასშტაბურად მიღწევის ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს.
მაგნუს ჰაგლინდმა, Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა, განაცხადა: „საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს რეალური ღირებულების შექმნა, როგორც ცალკეული ინსტიტუციებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სისტემისთვის. Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება. GMAP წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩო-პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის."
Nasdaq-ის Calypso პლატფორმა დაინერგება საზიარო ინფრასტრუქტურის მოდელით. იგი განთავსდება ცენტრალიზებულ ლოკაციაზე, სადაც თითოეული მონაწილე ბანკი წარმოდგენილი იქნება, როგორც ცალკეული სუბიექტი ერთი გარემოს ფარგლებში, მათი მონაცემების სრული გამიჯვნით. თითოეული ინსტიტუტი ისარგებლებს კონფიგურაციით, რომელიც მორგებულია მის ინდივიდუალურ ბიზნეს-მოთხოვნებზე, რისკის პროფილსა და ოპერაციულ კონტექსტზე შესაბამისი კონფიგურაციით. ამავდროულად, ისინი იმოქმედებენ ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს სტანდარტიზებულ ანგარიშგებასა და სამუშაო პროცესებს, ბაზრის საერთო მონაცემების გამოყენებას, კოლექტიურ მართვას, ზედამხედველობასა და აუდიტის შესაძლებლობებს.
პლატფორმა მოიცავს ვაჭრობის სრულ ციკლს: დაწყებული ვაჭრობის დონეზე გარიგებების აღრიცხვითა და ფასწარმოქმნით, რისკების მართვისა და შესაბამისობის კონტროლის გავლით, შესაბამის ანგარიშსწორებამდე, აღრიცხვამდე და ფინანსურ ანგარიშგებამდე. აღნიშნული ინტეგრირებული არქიტექტურა გამორიცხავს მრავალი ცალკეული გადაწყვეტილების საჭიროებას, ამცირებს მონაცემთა შედარების ხარჯებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთიან, სანდო წყაროს მთელი სექტორის სახაზინო ოპერაციებისთვის.
სტანდარტიზაციას სისტემური სარგებელი მოაქვს ცალკეული ინსტიტუტების ფარგლებს მიღმაც. ხუთივე ბანკში ჰარმონიზებული მონაცემებითა და ანგარიშგებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ხედვას სახაზინო რისკებზე, ლიკვიდურობის პოზიციებზე და სისტემურ რისკებზე, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მაკროპრუდენციულ ზედამხედველობას. თანმიმდევრული აუდიტი და ანგარიშგების საერთო მოდელები ამცირებს დატვირთვას როგორც ბანკებისთვის, ისე რეგულატორისთვის და ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის, მათ შორის ISO 20022-თან - ფინანსური მონაცემების გაცვლის გლობალურ სტანდარტთან.
ლაშა ჯუღელმა, „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" აღმასრულებელმა მდივანმა, განაცხადა: „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა" (GMAP) არის საქართველოს საბანკო სექტორში მრავალწლიანი მიზანმიმართული კოორდინაციის შედეგი და წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს ჩვენი ასოციაციისა და მასში წარმოდგენილი ფინანსური ინსტიტუტებისთვის. Nasdaq-ის გლობალური გამოცდილების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური მხარდაჭერით არსებული საზიარო ინფრასტრუქტურის, ასევე „იაპონია - EBRD თანამშრომლობის ფონდის" მეშვეობით გამოყოფილი პროექტის მართვის დაფინანსების წყალობით, ჩვენი წევრი ბანკები ახდენენ არა მხოლოდ საკუთარი საოპერაციო და ფინანსური ოპერაციების მოდერნიზაციას, არამედ, ამასთანავე, ერთობლივად ზრდიან სახაზინო მართვის სტანდარტს მთელ სექტორში. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ცენტრალური როლი შევასრულეთ ამ ინიციატივის განხორციელებაში და მოუთმენლად ველით იმ რეალურ სარგებელს, რომელსაც ეს პროექტი მოუტანს ჩვენს წევრებსა და მთლიანად ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებს."
პროექტის მონაწილე ხუთი კომერციული ბანკი წარმოადგენს საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის აქტივების უდიდეს ნაწილს. მათი გადასვლა საერთო, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს, როგორც თანამედროვე და კარგად მართული ფინანსური ბაზრის, ჩამოყალიბების გზაზე.
-დასასრული-
„ქართული კომერციული ბანკებისთვის სახაზინო მართვის გადაწყვეტის დანერგვა" პროექტის მართვის კომპონენტი დაფინანსებულია იაპონიის მიერ, „იაპონია-EBRD-ის თანამშრომლობის ფონდის" მეშვეობით.
Nasdaq: ენდრიუ ჰიუზი (Andrew Hughes); +44 (0)7443 100896; Andrew.Hughes@nasdaq.com
საქართველოს ეროვნული ბანკი: info@nbg.gov.ge
Nasdaq (Nasdaq: NDAQ) წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ამოძრავებს მსოფლიო ეკონომიკებს. ჩვენ ვაყალიბებთ მსოფლიოს თანამედროვე ბაზრებს, ვაძლიერებთ ინოვაციურ ეკონომიკას და ვამყარებთ ნდობას ფინანსურ სისტემაში. ჩვენ ვქმნით ეკონომიკურ შესაძლებლობებს ისეთი ტექნოლოგიების, მონაცემებისა და მოწინავე ანალიტიკის შემუშავებითა და დანერგვით, რომლებიც ჩვენს კლიენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები, გაუმკლავდნენ რისკებს და განიმტკიცონ/გაზარდონ ფინანსური მდგრადობა. კომპანიის, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს გვერდებს LinkedIn-ზე, X-ზე @Nasdaq, ან ვებგვერდზე www.nasdaq.com.
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი. მისი სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. სებ-ის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკი დაარსდა 1919 წელს, ხოლო დღევანდელი სახით ფუნქციონირებს 1991 წლიდან. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკი სრულად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ამ მანდატის მიღმა, სებ მოქმედებს, როგორც საქართველოს ინტეგრირებული ფინანსური ზედამხედველი - წარმოადგენს ერთიან მეგარეგულატორს, რომელიც ზედამხედველობას უწევს თითქმის მთელ ფინანსურ სექტორს. მისი უფლებამოსილება მოიცავს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისა და ბაზრის სხვა მონაწილეების რეგულირებასა და ზედამხედველობას. ამასთანავე, იგი პასუხისმგებელია საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, გამჭვირვალობის ხელშეწყობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე. სებ ასევე უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას და მართავს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს, რომელიც მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://nbg.gov.ge
საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია (GFMTA) დაარსდა 2018 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, სხვადასხვა ადგილობრივი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ. დღეს ასოციაცია წარმოადგენს ყველაზე დიდ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე და აერთიანებს საქართველოს ფინანსური ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში მოქმედ 16 სუბიექტს, მათ შორის 11 კომერციულ ბანკს, 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, საქართველოს საპენსიო ფონდს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ერთ კორპორაციას.
-NDAQG-
წინამდებარე პრესრელიზში მოცემული ინფორმაცია შეიცავს მომავალზე ორიენტირებულ განცხადებებს, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან და განუსაზღვრელობასთან/გაურკვევლობასთან. Nasdaq აფრთხილებს მკითხველს, რომ მომავალზე ორიენტირებული ნებისმიერი განცხადება არ წარმოადგენს მომავალი საქმიანობის/შედეგების გარანტიას და, რომ რეალური ფაქტობრივი შედეგები, შესაძლოა არსებითად განსხვავდებოდეს ამ განცხადებებში მოცემული პროგნოზებისგან. მომავალზე ორიენტირებული განცხადებების იდენტიფიცირება შესაძლებელია ისეთი სიტყვებით, როგორიცაა „იქნება", „შეუძლია" და მსგავსი მნიშვნელობის მქონე სხვა ტერმინები. აღნიშნული განცხადებები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, განცხადებებით, რომლებიც უკავშირდება Nasdaq Calypso-ს სარგებელს და Nasdaq-ის ტექნოლოგიურ პარტნიორობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ქვეყნის საბანკო სექტორთან.
მომავალზე ორიენტირებული განცხადებები დაკავშირებულია რიგ რისკებთან, გაურკვევლობასთან თუ სხვა ფაქტორებთან, რომლებიც სცდება Nasdaq-ის კონტროლის ფარგლებს. ეს რისკები და განუსაზღვრელი გარემოებები დეტალურადაა აღწერილი Nasdaq-ის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილ დოკუმენტებში, მათ შორის წლიურ ანგარიშებში (ფორმა 10-K) და კვარტალურ ანგარიშებში (ფორმა 10-Q) რომლებიც ხელმისაწვდომია Nasdaq-ის ინვესტორებთან ურთიერთობის ვებგვერდზე http://ir.nasdaq.com და SEC-ის ოფიციალურ გვერდზე www.sec.gov. Nasdaq არ იღებს ვალდებულებას საჯაროდ განაახლოს რომელიმე მომავალზე ორიენტირებული განცხადება ახალი ინფორმაციის, მომავალი მოვლენების ან სხვა მიზეზების საფუძველზე.