22/09/2022 | საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციას და ტექნოლოგიურ კომპანია Murex-ს შორის სამუშაო შეხვედრების სერია საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა

   მიმდინარე წლის 13-15 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის და ტექნოლოგიური კომპანია Murex-ის სამუშაო შეხვედრების სერია ხაზინის მართვის ავტომატიზირებული პროგრამის (MX.3) წარდგენისა და ინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით.

   შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები. ვორქშოფი ჩატარდა ჰიბრიდული ფორმატით, მონაწილეთა ნაწილის ფიზიკური დასწრებით, ასევე დისტანციურად ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

  ღონისძიების მთავარ მიზნებს წარმოადგენდა ერთობლივ პროექტში მონაწილე მხარეთა როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა, ორგანიზაციული სტრუქტურის მიმოხილვა და დაინტერესებულ მხარეებსა და Murex-ს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.

   ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის მხარდაჭერით, 2020 წლიდან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხაზინების ავტომატიზებული სისტემის დანერგვის საკითხებზე. სამი, საერთაშორისო, ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიიდან შერჩეულ იქნა Murex, რომელიც საუკეთესო ფასისა და ფუნქციონალობის გათვალისწინებით იქნა სელექტირებული.

 

     სამუშაო პროგრამის დღის წესრიგით განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

 

   · ვორქშოფის პირველი დღე დაეთმო პლატფორმა MX.3-ის ფუნქციურ და ტექნიკურ საკითხებს ფრონტ, მიდლ და ბექ ოფისების, რისკების და IT მიმართულებების კუთხით;

    · მეორე დღის განხილვის საგანს წარმოადგენდა ინტეგრაციის, სისტემის ინტერფეისის, პლატფორმის უსაფრთხოების და შიდა სისტემური განლაგების საკითხები;

    ·  მესამე დღეს განხილული იქნა პროექტის მართვის, მეთოდოლოგიის, როლებისა და პასუხისმგებლობების საკითხები.

 

    ვორქშოფის ბოლო ეტაპზე, ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა პროექტში მონაწილე ფინანსური ინსტიტუტების მენეჯმენტთან, სადაც Murex-მა წარმოადგინა პრეზენტაცია კომპანიისა და ქართული ბაზრისთვის შეთავაზებული სისტემის შესახებ. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ამ ეტაპზევე განიხილეს და დაგეგმეს ინტეგრაციისთვის აუცილებელი და მხარეების მიერ განსახორციელებელი შემდგომი ნაბიჯები.

 

        მოკლე ინფორმაცია Murex-ის შესახებ:

 

     Murex-ის მენეჯმენტი ერთგულია ფინანსური ტექნოლოგიების ინოვაციის იდეის, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს კაპიტალის ბაზრებს. Murex-ის ტექნოლოგიების მომხმარებლები არიან: ბანკები, საკლირინგო კომპანიები, კორპორაციები, საინვესტიციო მენეჯერები, საქონლის და ენერგეტიკის ვაჭრობის წარმომადგენლები, საჯარო დაწესებულებები.

     პლატფორმა MX.3 წარმოადგენს ავტომატიზებულ სისტემას, რომელიც მომხმარებლებს IT გადაწყვეტების ფინანსურ სერვისებში ზუსტი და მიმდინარე ტრანსფორმაციის შესაძლებლობას აძლევს. MX.3-ით მომხმარებლები ახალი სავაჭრო შესაძლებლობებით სარგებლობენ, აფართოებენ თავიანთ საქმიანობას და თავს იმკვიდრებენ ადგილობრივ ბაზარზე. ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც MX.3-ს იყენებენ, მუდმივ მზადყოფნაში არიან ბაზრის ევოლუციისა და მარეგულირებელი საკითხების ცვლილებებთან მიმართებით.

     MX.3 პროგრამა დანერგილი აქვს 100 საერთაშორისო ბანკიდან 65-ს. პლატფორმას ყოველდღიურად 57,000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. Murex პარტნიორობს 300-ზე მეტ კლიენტთან, მათ შორის გლობალურ ბანკებთან, მარკეტ-მეიკერებთან, წამყვან მრავალრეგიონულ ბანკებთან, რეგიონალურ და ცენტრალურ ბანკებთან.

 

   დამატებით, Murex-ის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://www.murex.com/en/en/who-we-are/about-us